მთავარი #სკოლაში #მშობლებისთვის #თავისუფალი დრო #ნერდებისთვის #ხარახურა

_______

თავხედობა თუ სიმამაცე

______

ვსაუბრობთ ყველაზე თანამედროვე წიგნის ,,ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟ ქალებზე, ქალებზე, რომლებიც მართავენ სამეფოს, ქალებზე, რომლებიც გეგმავენ საკუთარ მომავალს, ქალებზე, რომლებიც თავად დგამენ პირველ ნაბიჯებს სიყვარულისკენ, ხომ არ არის ეს გადაჭარბებული სითამამე ? - აი კითხვა, რომელიც საკამათო იქნებოდა მაშინაც, როცა ეს ,,დიდი წიგნი“ დაიწერა და ალბათ, დღესაც...

ანა გუგუშვილი:

ჩემი აზრით, სახელმწიფო, რომელსაც მართავს ქალი, შესაძლებელია, იყოს ისეთივე ძლიერი და წარმატებული, როგორც კაცის მმართველობაში. ამის ნათელი მაგალითები დღეს ბევრია მსოფლიოში. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არსებობს მოსაზრება, რომ ქალი არ უნდა იყოს ხელმძღვანელ თანამდებობაზე, რადგან ის ზედმეტად ემოციური ან ნაკლებად განათლებულია. ჩემი აზრით, რუსთველს მშვენივრად ესმოდა, ქალის როლის მნიშვნელობა. ვფიქრობ, თინათინის მამა დარწმუნებულია, რომ მისი ქალიშვილი შესანიშნავი მეფე დადგება. ჩანს ისიც, რომ როსტევანს გული სწყდება, არ ჰყავს ვაჟი, მაგრამ მაინც არ ეპარება ეჭვი, რომ თინათინი ჩინებული მეფე იქნება. თან როგორ გადასცემს უმნიშვნელოვანეს სიბრძნეს : „ იყავ წყნარი და ცნობილი“ - ეუბნება როგორც მეფე - მეფეს.

ანა ქომეთიანი:

თინათინის ტირილიც გავიხსენოთ, არ თვლიდა თავს მამის ტახტის ღირსად, იქნებ მისთვისაც მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება? მამის რჩევები მეც ძალიან მომეწონა: მეფის ცხოვრება იდუმალი, თავშეკავებული და ნაკლებად გამომწვევი უნდა იყოს, ალბათ იმას გულისხმობდა, რომ არ უნდა გამხდარიყო ხალხის სალაპარაკო და თითით საჩვენებელი. იმაში, რა თქმა უნდა, გეთანხმები, რომ ქალს, ისევე როგორც მამაკაცს, შეუძლია სახელმწიფოს მართვა. ამისათვის აუცილებელია ნიჭი, გახსნილი გონება, სურვილი და ქვეყნის მსახურების ამბიცია. ასე რომ, თუ ქალს გააჩნია სათანადო რესურსი, ის აუცილებლად უნდა ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, საზოგადოებამაც, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ასეთი ქალების მოსვლას პოლიტიკაში.

სანდრა წულაია:

საზოგადოებაც იცვლება და ვითარდება. ვინ წარმოიდგენდა, რომ მე-12 საუკუნეში, როცა სულ ცოტა ხნის წინ კაცთან ერთად სადილობის უფლებაც არ ჰქონდა, ტახტზე ქალს დასვამდნენ! დრო იცვლება და წარმოდგენებიც იცვლება. ხომ ხედავთ, თინათინი სიყვარულს უხსნის ავთანდილს, ნესტან- დარეჯანი - ტარიელს. მათი ეს სითამამე, დიდი ალბათობით, სტატუსიდან მომდინარეობს: ერთი უკვე მეფეა, მეორე კი მემკვიდრე. ავთანდილი და ტარიელი მათთან შედარებით დაბალი სტატუსის მქონე პირები არია. ამ შემთხვევაში ქალების სითამამე არა მარტო სწორი, არამედ საჭიროც იყო, რადგან ავთანდილი და ტარიელი ვერასდროს ვერ გაბედავნენ მათთვის სიყვარულის ახსნას.

ნანუკა ქართველიშვილი:

სითამამე, ისევე როგორც ადამიანის სხვა თვისებები, ყველა დროში სხვადასხვაგვარად აღიქმებოდა. ძველ დროში კი, ქალის მხრიდან მამაკაცისთვის სიყვარულის ახსნა ალბათ სითამამის იშვიათ გამოვლინებად ითვლებოდა. ძველ დროიში ხომ ბევრად უფრო მისაღები იყო მამაკაცის მიერ იციატივის გამოჩენა, თუმცა ,,ვეფხისტყაოსანმა“ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ნესტანის მიერ სიყვარულის ახსნა ტარიელისთვის, რომელიც უთქმელად ,,იწვოდა“, ძალიან საინტერესოდ მეჩვენება, მიუხედავად მისი მცირე ასაკისა, ჰქონდა საკმარისი გამბედაობა, რომ გრძნობები გაემხილა მიჯნურისთვის, რაც ხაზს უსვამს მის თავდაჯერებულობას და სიმამაცეს.

სანდრა წულაია:

დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვიმსჯელოთ, საერთოდ არ ვფიქრობ, რომ სქესს რამე მნიშვნელობა აქვს. გამბედაობა კი ბიჭებსაც უხდებათ და გოგოებსაც, თუმცა ამ თვისების სწორად გამოყენებაც უნდა შეეძლოთ. სიყვარულის ახსნა კი არანაირად არ ნიშნავს ადამიანის თავხედობას. გარდა ამისა, ვფიქრობ, სტატუსსაც დაეკარგა ის ხიბლი, რომელიც აქამდე ჰქონდა. რა თქმა უნდა, ვერ გავამტყუნებთ საზოგადოებას, რომელიც ძველ დროში დიდ ყურადღებას აქცევდა წარმომავლობას, ჩაცმულობას და ამის მიხედვით არჩევდა საუბრის ტონს, თითქოს ეს იყო პიროვნების ამსახველი ნიშანი. თუმცა , მართალი ხარ, დრო იცვლება და წარმოდგენებიც იცვლება. ადამიანი კი, რომელიც, თანამედროვე სამყაროში ისევ ძველი წესებით ცხოვრობს და აზროვნებს, ჩამორჩენილად მიმაჩნია.

ნანუკა ქართველიშვილი:

რა თქმა უნდა, სტანდარტები იცვლება და დიდი ყურადღება აღარ ექცევა იმას, თუ ვინ გამოუტყდება პირველი სიყვარულში მეორეს, მაგრამ ძველი მენტალობის გარკვეული გავლენა მაინც იგრძნობა. პირადად ჩემი გადმოსახედიდან, დიდი მნიშვნელობა არ აქვს , ვინ გამოიტანს თავის გრძნობებს სააშკარაოზე. გრძნობების გამოხატვა სირცხვილი არაა.

ანა ქომეთიანი:

სხვათა შორის, არც მამაკაცის ცრემლი...

ახალი სტატიები

_______

მეტი

Georgia, Tbilisi, kandelaki #39


551 555 083

[email protected]

_______________________________________

_________________________________________________________________________________________________________________

არქიმედელები