მთავარი #სკოლაში #მშობლებისთვის #თავისუფალი დრო #ნერდებისთვის #ხარახურა

_______

ქართველი ილონ მასკი

______

ყოფილი არქიმედელი ზვიად ბიბილაშვილი ახლა უკვე წარმატებული გამომგონებელია, მან და მისმა მეგობრებმა შექმნეს პროექტი. წარaდგინეს shark tank-ებთან და შეძლეს 100000 ლარის ოდენობის დაფინანსების მიღება. გადავწყვიტეთ მოგვეწყო zoom შეხვედრა, რამდენიმე კითხვა დაგვესვა მისთვის და უფრო კონკრეტულად გაგვეგო ამ ბიზნესის შესახებ.

• ზოგადად რას მოიცავს თქვენი ბიზნესი?

ჩვენი ბიზნესი მოიცავს BCI-ს, ვირტუალური სამყაროს და ხელოვნური ინტელექტის ერთგვარ გაერთიანებას, რაც , მარტივად რომ ვთქვათ, გულისხმობს მოწყობილობას, რომელიც დაეხმარება ადამიანებს, ითამაშონ ფიქრებით. ალბათ გითამაშიათ VR სათვალეებით, სადაც მოქმედება ჯოისტიკებით ხდება. ჩვენ ვაპირებთ, რომ ჯოისტიკები ფიქრებით შევცვალოთ. ადამიანები ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე შეძლებენ თამაშს.

• როგორ დაგებადათ ეს იდეა?

გავიგეთ, რომ ტარდებოდა ტექნოლოგიების ფესტივალი, ძალიან გვინდოდა მონაწილეობა. მაშინ დავუსვით საკუთარ თავს ასეთი კითხვა: რით გაერთობა ხალხი მომავალში დღევანდელი ტექნოლიგიების გამოყენებით? ჩვენ ვცდილობდით, მასშტაბურად შეგვეხედა ამ საკითხისათვის და მივხვდით, რომ თუ ადრე ფიზიკური შესაძლობლები უფრო მაღლა იდგა, დღეს ვინც ჭკვიანია, ის უფრო წინ დგას, უფრო მაღალი შემოსავალი აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, ფიზიკური სიძლიერე გონებრივმა ძალამ ჩაანაცვლა და მომავალშიც ჭკვიანი ადამიანები იქნებიან წინა პლანზე. ამიტომ გართობის ერთ-ერთ საშუალებად გადავწყვიტეთ, გაგვეგო, ვინ არის ყველაზე კარგი მოაზროვნე. მაგრამ იყო მეორე საკითხიც, უნდა ყოფილიყო ისეთი რამ, სადაც მომხარებლები შეძლებდნენ გართობას და არ ექნებოდათ მარტო იმის ინტერესი, რომ გაეგოთ, ვინაა ყველაზე ჭკვიანი. მოკლედ, გადაწყდა, რომ ამ მოწყობილობით შესაძლებელი გაგვეხადა აზროვნების ვიზუალიზაცია.

• რამდენად რთული იყო პროცესი, რომელიც აქამდე გაიარეთ?

ეს ყველაფერი ჯერ კიდევ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან არ დაგვისრულებია ამ პროექტზე მუშაობა და ალბათ კიდევ წელიწადნახევარი დაგვრჩა დამთავრებამდე. თითოეული ასპექტი ძალიან რთულია. რთულია ხელოვნური ინტელექტის შექმნა, რთულია ისეთი სქემის შექმნა, რომელიც აღიქვამს ელოქტრო -მაგნიტურ პოტენციალს, რომელსაც გამოყოფს თავის ტვინი და ასევე რთულია ადამიანების ფიქრების ჩაწერა.

• როგორც ცნობილია, ამ პროექტზე სამნი მუშაობთ, რა როლს ასრულებთ კონკრეტულად თქვენ ამ მოწყობილობის შექმნაში?

ჩემი საქმე არის კვლევების ჩატარება ადამიანებზე. ასაკობრივ კატეგორიებს განვსაზღვრავ, ვადგენ, რომელი კატეგორიის ასაკი გვჭირდება ჩვენ, როგორი ტიპები იქნებიან ჩვენი პირველი მომხმარებლები. ვიწერ ადამიანის ფიქრებს და პასუხისმგებელი ვარ ფუნქციურ უზრუნველყოფაზე. ჩვენი მიზანია, რომ მოწყობილობას ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი ფუნქცია.

• ნებისმიერი პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდურ მუშაობას, როგორ შეხვდით თქვენს პარტნიორებს, როგორ დაიწყო ეს ურთიერთობა?

სამნი ვიყავით თავიდან , მეოთხე ახლახან დავიმატეთ, რომელიც მუშაობს ფინანსურ საკითხებზე და არ არის უშუალოდ ჩართული მოწყობილობის შექმნაში. რაც შეეხება დანარჩენებს, ერთ-ერთი ერთი საბავშო ბაღში გავიცანი და იქიდან მოყოლებული სულ გვაინტერესებდა ინოვაციური მოწყობილობები. მეორეს, რომელიც ინჟინერიაში მუშაობს, მეათე კლასში შევხვდი და მას შემდეგ ვმეგობრობთ. რომ არა საერთო ინტერესები, პიროვნული ურთიერთობები და ერთმანეთის ნდობა, ალბათ მართლა არაფერი გამოვიდოდა.

• როგორ უთავსებთ თქვენს პირად ცხოვრებას, სწავლას და ამ პროექტზე მუშაობას ერთმანეთს?

სამედიცინოზე ვსწავლობ, ამ პროექტს ბევრი დრო მიაქვს, დამატებითი შემოსავლისთვის პერიოდულად ვმუშაობ და კიდევ სამეცნიერო ნაშრომს ვწერ ბიო-ფიზიკის მიმართულებით. ასე, რომ, პირადი ცხოვრება, რა ასპექტსაც ალბათ გულისხმობდით, საერთოდ არ მაქვს.

• როგორ გაიხსენებდით არქიმედეში გატარებულ წლებს?

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მომწონდა გარემოც და მასწავლებლებიც. დაარსების დღიდან არქიმედელი ვიყავი, ამ სკოლის დამფუძნებელს, ბ-ნ გელას კი კომაროვის საშაბათო სკოლიდან ვიცნობდი, არაჩვეულებრივი ადამიანი და პედაგოგი იყო. მე-12 კლასში ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა და შორ მანძილზე სიარული ვეღარ შევძელი, ამიტომ სახლთან ახლოს მდებარე საჯარო სკოლა დავამთავრე. თუმცა ახლაც ვფიქრობ, რომ არქიმედე ერთ-ერთი საუკეთესო სკოლაა. “რა? სად? როდის?“ ვთამაშობდით ხოლმე ყოველ პარასკევს გაკვეთილების შემდეგ, ჩემი საყვარელი თამაში იყო. თვითგანვითარებისთვის ყველა საშუალებას იძლეოდნენ მასწავლებლები.

ახალი სტატიები

_______

მეტი

Georgia, Tbilisi, kandelaki #39


[email protected]

_______________________________________

_________________________________________________________________________________________________________________

არქიმედელები